როგორ შევძლებთ ტვინის კომპიუტერთან დაკავშირებას – ძირითადი სიახლეები ილონ მასკის Neuralink-ის პრეზენტაციიდან

ილონ მასკის კომპანია – Neuralink ტვინისა და კომპიუტერის დასაკავშირებლად სპეციალური მოწყობილობის – ნეირონული ინტერფეისის შექმნაზე წლებია მუშაობს. 28 აგვისტოს, თბილისის დროით კი უკვე 29 აგვისტოს, დილის 2 საათზე ჩანიშნული პრეზენტაციის ფარგლებში კი Neuralink-ის გუნდის მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შედეგებისა და სიახლეების შესახებ უნდა გაგვეგო. ასევე, ველოდით ინტერფეისის მუშაობის პროცესის ნახვას. Neuralink-მა პირდაპირი ეთერის დაწყება ჩანიშნულ დროს საგრძნობლად გადააშორა. გვიან, მაგრამ ღონისძიება მაინც დაიწყო. მის სრულ ვერსიას ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ გაეცნოთ, სტატიის ფარგლებში კი იმ მთავარ სიახლეებზე მოგიყვებით, რომელიც ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირების პრაქტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს. სამი საცდელი ღორი, რობოტი, რომელმაც იმპლანტის ჩადგმის ოპერაცია უნდა ჩაატაროს და მოწყობილობის მახასიათებლები, ალბათ, ის სამი მთავარი მიმართულებაა, რაზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ.

დასაწყისისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზენტაციის მიზანი არა ინვესტორების, არამედ ნიჭიერი ადამიანების დაინტერესება იყო, რომლებსაც, როგორც ილონ მასკი იმედოვნებს, გაუჩნდებათ სურვილი „ნევრალინკთან“ ითანამშრომლონ, მონაწილეობა მიიღონ ამ ტექნოლოგიის განვითარებასა და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომად გახდომაში. დიახ, მასკს უნდა მისი კომპანიის მიერ შექმნილი ნეირონული ინტერფეისის გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეეძლოს. მისი თქმით, დროთა განმავლობაში, ნებისმიერ ადამიანს აღენიშნება ტვინთან დაკავშირებული პრობლემა, იქნება ეს მეხსიერების დაკარგვა, შფოთვა, დეპრესია თუ სხვა. კომპანიის დიდი მიზანი კი ამ პრობლემებთან გამკლავებაში ადამიანების დახმარებაა. ეს კი მათ ტვინში „ნევრალინკის“ მიერ შექმნილი იმპლანტის მოთავსების გზით გახდება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, კომპანიას არ აქვს იმის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მოწყობილობას მსგავს დაავადებებთან გამკლავებაში დახმარება ნამდვილად შეუძლია. ეს მხოლოდ „ნევრალინკის“ გრძელვადიანი მიზანია და ეს მიზანი ძალიან ამბიციურია. ესეც რომ არა, Neuralink ბევრი სამედიცინო დისკუსიისა თუ ეთიკური დილემის საგანია. თუმცა, დღეისათვის საფუძვლიანად მხოლოდ იმაზე შეგვიძლია საუბარი, რაც უკვე ვიცით, ანუ რისთვისაც უკვე აქვს მიღწეული Neuralink-ს და რაც რამდენიმე საათის წინ გამართული პრეზენტაციიდან გავიგეთ.

neuralink-1

გასულ წელთან შედარებით, Neuralink-მა დიზაინი შეიცვალა. თუ ადრე მას წარმოგვიდგენდნენ მოწყობილობად, რომელიც ადამიანის ყურის ქვეშ, გარედან მაგრდებოდა და ტვინს სპეციალური, მიკრონის ზომის ძაფებით დაუკავშირდებოდა და ახლა ეს მიდგომა შეცვლილია. Neuralink ადრე ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებას ნაკლებინვაზიური მეთოდით ცდილობდა, ანუ, პირდაპირი ოპერაციული ჩარევის გარეშე, ლაზერით, რამდენიმე ადგილას თავის ქალის გახვრეტით გახდებოდა ინტერფეისის „დამონტაჟება“ შესაძლებელი. როგორც პრეზენტაციიდან ვნახეთ, ეს მიდგომა შეცვლილია და ახლა კომპანია მიზნის მისაღწევად მეტად ინვაზიურ მეთოდს ირჩევს. მეტიც, უკვე შექმნილია რობოტი, რომელმაც მომავალში, ტვინში მოწყობილობის მოთავსება უნდა უზრუნველყოს. ამისათვის მას, სავარაუდოდ, ერთი საათი დასჭირდება, პროცედურა, შეიძლება, ანესთეზიის გარეშე ჩატარდეს. პაციენტი კი სამედიცინო დაწესებულების დატოვებას ოპერაციის დღესვე შეძლებს. მომცრო მოწყობილობა, რომელსაც ქვემოთ, გამოსახულებაზე ხედავთ, თავის ქალის მცირე ნაწილს ჩაანაცვლებს და ის გარეგანად შესამჩნევი არ იქნება.

neuralink-2
neuralink-8

მოწყობილობის დიზაინის ჩვენების შემდეგ, მასკმა ჩვენი ყურადღება სამი ღორისკენ მიაპყრო. ერთ მათგანს, სახელად გერტრუდა, ტვინში Neuralink-ის ნეირონული ინტერფეისი – Link ჰქონდა მოთავსებული (ორი თვის განმავლობაში). მეორე ღორს წარსულში ჩაუდგეს ეს მოწყობილობა, თუმცა, ამჟამად აღარ ჰქონდა. მესამეს კი ნეირონული ინტერფეისი არასდროს გამოეცადა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკრანზე ვხედავდით ცდისპირსა და საკონტროლო ცდისპირებს, რომელთანაც გერტრუდას ტვინის მუშაობის შედარება უნდა მომხდარიყო. თავიდან მასკმა იმ ღორზე მიგვითითა, რომელსაც Link ადრე ჰქონდა. ამით ის იმის დემონსტრირებას ცდილობდა, რომ ეს მოწყობილობა ორგანიზმზე ნეგატიურ კვალს არ ტოვებს და თუ ადამიანი მის მოშორებას გადაწყვეტს, ეს შესაძლებელია. შემდეგ გერტრუდას მიუბრუნდა, რომლის Link-ის სპეციალურ ეკრანს უკავშირდებოდა. როდესაც გერტრუდა, საკვების ძებნისას, თავისი დინგით საჭმელს მიუახლოვდებოდა, Link ამას ეკრანზე, სპეციალური გამოსახულებებისა და ხმის გამოყენებით გვამცნობდა.

„მოწყობილობის საწყის ვერსიაში, 1024 არხზე წერა და წაკითხვაა შესაძლებელი. მას აქვს მთელი დღის სამყოფი ელემენტის გამძლეობა. ელემენტი იმუხტება ღამის განმავლობაში“, – თქვა მასკმა. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ეს მოწყობილობა „შეძლებს დაუკავშირდეს თქვენს ტელეფონს, რომელშიც სპეციალური აპლიკაცია გექნებათ. Link თქვენს სმარტფონს, ძირითადად, ბლუთუზის დახმარებით დაუკავშირდება“.

neuralink-3

როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ, მოწყობილობის დამუხტვა ინდუქტიურად, ანუ უსადენოდ, ელექტრომაგნიტური ინდუქციის გზით იქნება შესაძლებელი. ხოლო მოწყობილობას უსადენო კავშირის დამყარება 5-10 მეტრის რადიუსში შეეძლება.

მასკმა პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი (კითხვა-პასუხების ნაწილის დაწყებამდე) მნიშვნელოვანი სიახლით დაასრულა – მან აღნიშნა, რომ Neuralink-მა ივლისში, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) გარღვევის მომხდენი მოწყობილობის (Breakthrough Device) ტიტული მიიღო, ახლა კი კომპანია ელოდება ადმინისტრაციის ნებართვას და ემზადება Neuralink-ის იმპლანტის ადამიანებზე გამოსაცდელად.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრაციისას ვნახეთ მხოლოდ ერთი მხარე – თუ როგორ შეუძლია მოწყობილობას ღორის ტვინის სიგნალების წაკითხვა. სიგნალების წარმოქმნის (წერის) კუთხით, პრეზენტაციისას მტკიცებულება არ გვინახავს. (სიგნალების წარმოქმნა კომპანიის დიდი მიზნისთვისაა საჭირო, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელიც, დასაწყისისთვის, ტვინში არსებული ნევროლოგიური პრობლემების, შესაბამისად, ტვინთან დაკავშირებული დაავადებებისა თუ ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად).

წყარო: Marketer.ge

Leave a Reply